ფეხბურთი

18:00 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსისა" და "ატლეტიკოს" შემდეგ გიორგი მამარდაშვილი "ტოტენჰემსაც" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია. ბოლო ცნობებით, 22 წლის კარის დარაჯი ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუკავშირეს.

ინგლისურ გუნდში 37 წლის უგო ლორისი თამაშობს, რომელიც უკვე ასაკშია, რის გამოც „დეზები“ სატრანსფერო ბაზარზე ახალ მეკარეს ეძებენ და ერთ-ერთი კანდიდატი, რომ ლორისი შეცვალოს, სწორედ მამარდაშვილია.

"პოპულარული ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი თავის სვეტში Caught Offside წერს, რომ „ტოტენჰემი“ აკვირდება „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილის, როგორც უგო ლორისის შემცვლელს. ქართველი მეკარე ესპანურ კლუბში მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავად თამაშობს და ანტონიო კონტეს გუნდის სკაუტები აკვირდებიან, რადგან „დეზები“ ლორისის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. ისეთ კლუბში თამაშის შესაძლებლობა, როგორიც „ტოტენჰემია“, დიდი სტიმული იქნება ფეხბურთელისთვის, რადგან, იცის, რომ ის შეიძლება იყოს მთავარი მეკარე მინიმუმ ათწლეულის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, მამარდაშვილის ტრანსფერი იოლი საქმე არ იქნება. „ვალენსიას“ ცხადია, არ სურს დაკარგოს ერთ-ერთი ვარსკვლავი და „ტოტენჰემს“ ესპანელთა დარწმუნება მოუწევს. თუმცა, თუ „ტოტენჰემი“ სეზონის ბოლოს მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, შესაძლოა ბევრი მოთამაშისთვის მიმზიდველი ადგილი გახდეს, მათ შორის მამარდაშვილისთვისაც.

პრემიერლიგა ცნობილია თავისი ფიზიკურობით და მამარდაშვილის თამაში ინგლისური ფეხბურთის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოერგოს. თუმცა, თავისი პოტენციალით, მას შეუძლია გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და „ტოტენჰემი“ შეიძლება იყოს მისთვის შესანიშნავი პლაცდარმი ამისთვის.

ბოლო თვეებში ლონდონურ უკავშირებენ რამდენიმე მეკარეს, მათ შორის „ბრენტფორდის“ წევრ დავიდ რაიას. თუმცა მამარდაშვილი უფრო გრძელვადიან პერსპექტივას წარმოადგენს და მისი გაფორმება დაადასტურებს, რომ კლუბი მომავლისკენ იყურება. ჯერ კიდევ გასარკვევია, გააკეთებს, თუ არა „ტოტენჰემი“ ოფიციალურ შეთავაზებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ეს უბრალოდ ჭორი არ არის“, - წერს გამოცემა onefootball-ი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ტოტენჰემის“ გარდა, ბოლო პერიოდში მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ტურინის „იუვენტუსსაც“ დაუკავშირეს. ქართველ მეკარეს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ვალენსია“ ქართველ კიპერს ნაკლებ ფასში არ შეელევა.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ ლა ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 28 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა ხუთჯერ შეძლო.

0.12789