2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, საქართველო სამ გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავს – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში.
შოტლანდიაში და მერე საფრანგეთში, მიჯრით მეექვსე მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე ქართველ ქომაგს ბორჯღალოსნების გაცილების ორი შანსი ექნება: მზადების დასკვნით ეტაპზე ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 12 აგვისტოს, ასევე მსოფლიო თასის მონაწილე რუმინეთთან გამართავს; 19 აგვისტოს აშშ გვეწვევა, ვისთანაც ბოლო 6 წელია არ გვითამაშია; 26 აგვისტოს კი ტიერ1-ის გუნდ შოტლანდიასთან, ედინბურგში, დასკვნით რეპეტიციას გავივლით.
საფრანგეთის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 9 სექტემბერს, პარიზში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ორი კვირა დაისვენებს და 23-ში პორტუგალიას ტულუზში ერკინება. 30 სექტემბერს ბორდოში მისი მეტოქე ფიჯი იქნება, ჯგუფურ ეტაპს კი 7 ოქტომბერს უელსთან, ნანტში დაასრულებს.
„საქართველოსთვის ზედიზედ მეექვსე მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე თვეღა დარჩა და ბორჯღალოსნები აქტიურად ემზადებიან. უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე აგვისტოში სამ გასახურებელ თამაშს გავმართავთ. სასიხარული ამბავი გვაქვს ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან პირველი ორი თამაში თბილისში გაიმართება. ყველამ კარგად იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი მორაგბეებისთვის გულშემატკივრის მხარდაჭერა და მსოფლიო თასზე ამ მუხტით გაცილება. ასევე დარწმუნებული ვარ, ბორჯღალოსნებს მხარდაჭერა არც საფრანგეთში მოაკლდებათ, როგორც ქართველი, ასევე ადგილობრივი ქომაგისაგან“.
„პირველი გასახურებელი შეხვედრა რუმინეთთან გვაქვს, რომელიც თავად მსოფლიო თასის მონაწილეა და ეს თამაში ორივე გუნდისთვის საინტერესო იქნება. ერთი კვირის თავზე აშშ გვეწვევა, რომელსაც მსოფლიო თასზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა და და საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად ორმაგად მოტივირებული ჩამოვა. მათთან დიდი ხანია აღარ გვითამაშია. განვლილ შეხვედრებს თუ გავიხსენებთ, „არწივები“ ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო და გამარჯვებულის ბედი ხშირად დასკვნით წუთებში ირკვეოდა“.
„და ბოლოს, 26 აგვისტოს შოტლანდიას ედინბურგში ვერკინებით, რომელთანაც ბოლო წლებში არაერთი თამაში გვქონდა. ჩვენთვის პატივია, რომ უკვე მეორედ მსოფლიო თასის წინ, შოტლანდია დასკვნითი რეპეტიციისთვის მეტოქედ საქართველოს ირჩევს. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე ტიერ1-ის წარმომადგენელთან ერთი შეხვედრა გვქონოდა და ამ მხრივ ყველაფერი კარგად დალაგდა“.
„ზოგადად, მსოფლიო თასის წინ ძალიან რთულია კარგი ტესტ-მატჩების მოძიება. გასულ წლებში მოსამზადებელ ეტაპზე ხშირად გვიწევდა კლუბებთან თამაში, ახლა კი მსოფლიო თასის ორ მონაწილესთან და აშშ-ს საინტერესო გუნდთან გვექნება სპარინგები. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენ გუნდს იმ გრძელ გზაზე, რასაც მსოფლიო თასისთვის მზადება ქვია“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.
გასახურებელ მატჩებში რუმინეთი ჩვენთვის ყველაზე კარგად ნაცნობი მეტოქეა. საქართველოს მასთან 25 წლის განმავლობაში 27-ჯერ უთამაშია (17 მოგება, 1 ფრე), აქედან ერთხელ 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში.
აშშ-ს 2009-2017 წლებში 6-ჯერ შევხვდით და თანაბარი ბალანსი გვაქვს – 3-3 მოგება. მეტოქემ წარმატებას 2009 (დენვერში 31:13), 2012 (გლენდეილში 36:20) და 2013 (რუსთავში 25:23) მიაღწია, საქართველომ კი გამარჯვებები 2010 (თბილისში 19:17) და 2017 წლებში (ატლანტაში 21:17 და თბილისში 21:20) მოიპოვა.
ხუთჯერ ვეთამაშეთ შოტლანდიას და ჯერჯერობით „ნარშავები“ სრულ უპირატესობას ფლობენ.
„მსოფლიო თასზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოგვიწია და რადგან წამყვანი გუნდების უმეტესობას დიდი ხნით ადრე ჰქონდა გაწერილი გრაფიკი, ამ პერიოდისთვის ძალიან რთული იყო ხარისხიანი ტესტ-მატჩების მოძიება. მოლაპარაკებას ვაწარმოებდით რამდენიმე ნაკრებთან და კლუბთან. შოტლანდიამ თავად გამოთქვა ჩვენთან თამაშის სურვილი და რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდით. რუმინეთს, რომელიც მსოფლიო თასზე ასევე რაგბი ევროპიდან მოხვდა ჩვენ შევთავაზეთ გასახურებელი შეხვედრის გამართვა. ეს თამაში ორივე გუნდს ძალიან ჭირდებოდა და შეთანხმებაც შედგა. მსოფლიო რაგბის დახმარებით მოხდა შეთანხმება აშშ-ს რაგბის კავშირთან“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გვეთამაშა. კარგად დალაგდა თამაშები მეტოქეთა სიძლიერის გათვალისწინებით. მთლიანობაში, გასახურებელი მატჩებით კმაყოფილი ვართ. შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ ედინბურგში სამი დღე დავრჩებით და პირდაპირ იქიდან ჩავალთ საფრანგეთში“ – აღნიშნა ბორჯღალოსნების მენეჯერმა ვასილ აბაშიძემ.
RUGBY.GE