რაგბი

14:35 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა გორგაძე: „ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება“

ფრანგული ტოპ 14-ის ‘პოს’ კაპიტანმა ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) პორტუგალიასთან გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ბორჯღალოსნებთან ერთად ემზადება.



27 წლის მორაგბე სანაკრებო შეკრებაზე თბილისში, ჯერ კიდევ თებერვალში ნიდერლანდებთან თამაშის წინ ჩამოვიდა, მაგრამ ძველმა ტრავმამ იჩინა თავი და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, ახლა კი, გუნდს პორტუგალიაში, შეკრებაზე შეუერთდა.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში მიკრო-ტრავმების გამო რამდენიმე თამაში გამიცდა, როგორც ტოპ 14-ში, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. რეაბილიტაცია კარგად გავიარე და მაქსიმალურად ვცდილობ ფინალს საუკეთესო ფორმაში შევხვდე“ – ამბობს გორგაძე, რომელსაც ბორჯღალოსნების კვართით 39-ჯერ უთამაშია (11 ლელო).

მისი თქმით, ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა გუნდის მიდგომაში არაფერს ცვლის და საქართველო ფინალში მე-100 შეხვედრის მოგებით, ტიტულის მე-15-ედ დაუფლებას შეეცდება:

„ჩვენი მიზანი იყო და არის ყველა თამაშის მოგება და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ფორმატის ცვლილებით სხვა გუნდებს წარმატების მცირედი შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული გათვლებია და მეტი არაფერი. ფინალში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ამისათვის დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება, თანაც პორტუგალია პრინციპული მეტოქეა. ის, რომ ფინალი მე-100 გამარჯვებას დაემთხვევა, მხოლოდ დამატებითი, სასიხარულო ფაქტია“

RUGBY.GE

0.116992