რეგიონული ლიგის აღმოსავლეთის ზედა ექვსეულში რეგლამენტით გათვალისწინებულმა 3-კვირიანმა პაუზამ დაისადგურა. დასავლეთში კი 2 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგებმა იმერიდან პლეი ოფის მონაწილენი პრაქტიკულად გამოავლინა. ლიდერი ‘დინოზავრი’ ტრადიციას არ არღვევს და ყველა შეხვედრას ბონუს-ქულით იგებს. ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა მაქსიმალურ, 50 ქულას მოუყარეს თავი და მდევარ ‘კოლხი რაინდებს’ კვლავინდებურად 5 ქულით უსწრებენ.
ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე ფოთელებმა მესამე ადგილზე მყოფ ვანის ‘აიეტთან’ უპირატესობა 12-ქულამდე გაზარდეს და თან ლიდერებს მეტოქეზე თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. დასავლეთის პირველადგილოსანს დიდი ალბათობით დასკვნით ტურში, ფოთში ‘კოლხი რაინდებისა’ და დინოზავრის’ დაპირისპირება გაარკვევს. ფოთელები ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან. თუკი ფოთელებმა ბოლო ტურამდე ყველა შეხვედრაში ბონუსით იმარჯვეს, დასავლეთში პირველი ადგილის დასაკავებლად კოლხებმა წყალტუბოელებს პრემიალური ქულით და თან სულ მცირე 18-ქულიანი სხვაობით უნდა მოუგონ.
დასავლეთის ერთპიროვნულმა ლიდერმა ‘დინოზავრმა’ ბოლო 2 ტურის შეხვედრები „მშრალი“ ანგარიშით მოიგო. წყალტუბოელებმა ჯერ ქუთაისში, „აია არენაზე“ ვანის ‘აიეტს’ 8 უპასუხო ლელო დაუდეს და იმერულ დერბიში ტრავმებმიძალებული ვანელები 46:0 დაამარცხეს. ‘დინოზავრის’ რიგებში შესრულებული ჰეთ-თრიკით“ შუამარბი გიორგი გობეჯიშვილი გამოირჩა.
ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა სეზონის მე-10 გამარჯვება ზუგდიდში, ადგილობრივ რაგბის კლუბთან შეხვედრაში მოიპოვეს. ‘დინოზავრმა’ მეგრელებს 11 უპასუხო ლელო დაუდო. სტუმართა ფულბეკმა იაგო ხაბულიანმა და შუამარბმა ბორის ტუსკაძემ „დუბლი“ გაიფორმეს – 71:0.
‘დინოზავრის’ მდევარმა ‘კოლხი რაინდებმაც’ 2 ტურში ქულათა მაქსიმუმი აიღო, თუმცა მეტოქეებს პრესტიჟის ლელოთა გატანის შესაძლებლობა მისცა. კოლხებმა ჯერ მშობლიურ „პარკი არენაზე“ ბოლო ხანს მოღონიერებულ სამტრედიას ‘ფენიქსს’ 5 ლელო გაუტანეს, მეტოქე კი ბურჯ დავით რუხაძის დადებულ პრესტიჟის ლელოს დააჯერეს. ფოთელთა კვაჭმა გოჩა დიასამიძემ პირველივე ტაიმში „დუბლი“ გაახერხა. სტუმართა მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართული ბურჯის ზაალ კილასონიას გატანილმა ლელომ დაუსვა – 27:7.
კოლხებმა მორიგ წარმატებას ვანში, ადგილობრივ ‘აიეტთან’ შეხვედრაში მიაღწიეს. „ბეჟან ხურციძის“ სახელობის სარაგბო არენაზე ‘აიეტი’ მატჩის დებიუტშივე კვაჭ ბაკურ ბარამიძის ლელოთი დაწინაურდა, რის შემდგომ კოლხები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც სტუმართა მიერ დადებულ 8 ლელოში აისახა. ‘კოლხი რაინდების’ ფრთა გიორგი კალანდაძე „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა – 50:5.
RUGBY.GE