რაგბი

20:25 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიასთან მატჩისთვის “ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის (და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასის) 23-წლიან ისტორიაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ფინალური შეხვედრა გაიმართება.



19 მარტს, პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანურ ქალაქ ბადახოსში ბორჯღალოსნები პორტუგალიას ერკინებიან.

თამაში საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები მე-15-ედ შემართავენ თასს. სიმბოლურია, რომ საქართველოს ტურნირზე აქამდე ჩატარებული 118 თამაშიდან 99 აქვს მოგებული და ფინალში გამარჯვება სანიშანსვეტო, მე-100-ე იქნება.

ბორჯღალოსნების ინდივიდუალურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ – 12-ჯერ სანდრო თოდუას აქვს მოპოვებული, 11-11-ჯერ ლაშა ხმალაძეს, შალვა მამუკაშვილს და დავით კაჭარავას, ხოლო 10-10-ჯერ თასი მერაბ შარიქაძემ, ლაშა მალაღურაძემ და შალვა სუთიაშვილმა შემართეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთის საჩემპიონო დავაში, სხვა გუნდი ერთადერთხელ ჩაერია და ის სწორედ პორტუგალია იყო, რომელმაც თასი 2003-2004 წლების სეზონში მოიპოვა.

გზა ფინალამდე

პირველად ტურნირის ისტორიაში, წელს მონაწილე გუნდების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ისინი ორ ჯგუფად გაიყვნენ, რის შემდეგაც ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავიდა, დანარჩენები კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

ბორჯღალოსნებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მეტოქე ბონუსით და დიდი უპირატესობით დაამარცხეს – გერმანია 75:12, ნიდერლანდები 40:8 და ესპანეთი 41:3, ხოლო ნახევარფინალში რუმინეთს 31:7 სძლიეს.

ჯგუფური ეტაპის სამივე თამაში ბონუსით მოიგო პორტუგალიამ – ბელგიასთან 54:17, პოლონეთთან 65:3 და რუმინეთთან 38:20. 4 მარტს ნახევარფინალში მათ ესპანეთი მიიღეს და 27:10 დაამარცხეს.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა:

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 3 კეპი); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 2 კეპი, 5 ქულა);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 2 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 39 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 20 ქულა), ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 1 კეპი); თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41 კეპი, 329 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა);

ცენტრები: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80 ქულა, კაპ.), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, 1 კეპი, 5 ქულა);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 95 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა).

RUGBY.GE

0.119991