კალათბურთი

14:54 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მოგვწონს მისი თამაში" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილი შეაქო, სანდრომ კი იოკიჩზე ისაუბრა

დღეს გამთენიას, „სან ანტონიოში“ კარგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც საკუთარ გუნდს დასავლეთ კონფერენციის ლიდერის - „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდე გამარჯვებაში დაეხმარა. ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა დენვერელებს 128:120 აჯობა. ამ შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრების ცენტრმა ბოლო მეოთხედში სრულად ითამაშა და ახალ კლუბში საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

23 წლის მამუკელაშვილმა 12 წუთში: 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა. მან 5 სროლიდან 4 ჩააგდო, მათ შორის 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი.

ამ გამარჯვების შემდეგ კი ქართველ კალათბურთელზე „სან ანტონიოს „ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ძალიან ნიჭიერი ბავშვია. ჩვენ მოგვწონს მისი თამაში. მართლაც კარგი აღნაგობა აქვს. ის არის მოთამაშე, რომელმაც იცის თუ როგორ ითამაშოს. სანდრო თამაშობს ევროპულ სტილში და ჭკვიანურად მოძრაობს. აღფრთოვანებული ვარ მისით. მან ჩვენთვის კარგი სამუშაო გასწია და ძალიან დაგვეხმარა", - განაცხადა ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა.

მამუკელაშვილს თამაში NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელის - ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ მოუწია, რომელზეც ქართველმა მცირე კომენტარი გააკეთა.

„ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელი კალათბურთელია, ვისაც ოდესმე უთამაშია. თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკეთესო. ორი MVP-ის ჯილდო უკვე აქვს და შესაძლოა მესამეც მიიღოს. ის უბრალოდ კარგი ბიჭია", - თქვა მამუკელაშვილმა.

გეტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სწორედ "დენვერის" კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩი იყო. 28 წლის სერბმა 38:30 წუთში 37 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი დააგროვა, რითაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. მან ბოლო პერიოდში, როდესაც მამუკელაშვილი მოედანზე იყო, 8:10 წუთი ითამაშა და 6 ქულა ისე მიითვალა, ბურთი არ მოუხსნია.

აღსანიშნავია ისიც, რომ იოკიჩმა მიმდინარე სეზონში სამმაგი დუბლი 26-ჯერ, კარიერაში კი 102-ჯერ შეასრულა.

0.131451