ფეხბურთი

17:46 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მეორედ სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

სერია A-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა გამოკითხვაში, რომელიც სერია A-ს ვებგვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ყველას აჯობა.

კვარას კონკურენტები ანხელ დი მარია (იუვენტუსი), ფედერიკო ბასკიროტო (ლეჩე), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) და ალექსეი მირანჩუკი (ტორინო) იყვნენ. თუმცა, ყველაზე მეტი ხმა ქართველს ერგო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელია მეორედ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე და ამ მხრივ ერთადერთი ფეხბურთელია. კვარამ ეს წოდება აგვისტოშიც მოიპოვა. ხვიჩას შაბათს, „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლი“ – „ატალანტას“ მატჩის წინ დააჯილდოებენ.

ხვიჩამ თებერვალში მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა (საუბარია მხოლოდ სერია A-ზე), ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში:

ხვიჩა კვარაცხელია (აგვისტო), კიმ მინ-ჯე (სექტემბერი), რაფაელ ლეაო (ოქტომბერი), მოიზე კინი (ნოემბერი), ვიქტორ ოსიმენი (იანვარი), ხვიჩა კვარაცხელია (თებერვალი).

„კვარაცხელია პირველი მოთამაშეა, ვინც სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე ერთ სეზონში ორჯერ გახდა. ქართველი გარემარბი თვიდან თვემდე ამტკიცებს ჩვენს ჩემპიონატზე თავის შესანიშნავ გავლენას, გოლებით და საგოლე პასებით. მას უკვე 10 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასით ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა. მეტოქის მოტყუების უნარი, ხასიათი, მონდომება და ფანტაზია კვარაცხელია „ნაპოლის“ ლიდერად აქცევს. ის უკვე არის სერია A-სა და საერთაშორისო ფეხბურთის აწმყოსა და მომავლის ერთ-ერთი ვარსკვლავი“, - თქვა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133551