კალათბურთი

11:33 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგამ კვლავ სოლიდური სათამაშო დრო მიიღო - "ორლანდომ" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა (+VIDEO)

გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა და საკმაოდ სოლიდური სათამაშო დროც მიიღო. ქართველი კალათბურთელის „ორლანდო მეჯიქმა“ თამაში „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართა და ზედიზედ მესამე მარცხი მიითვალა. ბითაძე და მისი თანაგუნდელები 7-ქულიანი სხვაობით - 124:131 დამარცხდნენ.

22 წლის ცენტრმა არასრული 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 3-დან 1 სროლა გამოიყენა, მათ შორის 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო 4 საჯარიმო სროლიდან მხოლოდ 1 გამოიყენა. ბითაძემ მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ორლანდოდან საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, 20 წლის იტალიელმა საკუთარ გუნდს 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი შესძინა, ხოლო გამარჯვებულთაგან „იუტა ჯაზის“ ფინელმა ფორვარდმა ლაური მარკკანენმა 31 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ქართველის გუნდს 27 გამარჯვების საპირისპიროდ 40 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, ხოლო „იუტა ჯაზი“ 32 მოგებითა და 35 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციაზეა. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.116347