„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, დღეს, 9 მარტს, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს, რათა გადაწყვიტოს მთავარი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს ბედი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ. მერვედფინალში პსჟ „ბაიერნთან“ დამარცხდა (შინ 0:1 და სტუმრად 0:2) და ტურნირს დაემშვიდობა.
Relevo-ს ცნობით, ალ-ხელაიფი უკმაყოფილოა იმით, რომ გუნდმა მეტოქეს პრობლემები ვერ შეუქმნა და ორ მატჩში ერთი გოლიც ვერ გაიტანა. ფეხბურთელების თავდადება და გარკვეული სამწვრთნელო გადაწყვეტილებებიც კითხვებს აჩენს. საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობა შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს გალტიეს თანამდებობაზე დასატოვებლად.
თუ კლუბი გალტიეს გათავისუფლებას გადაწყვეტს, შემცვლელის სავარაუდო კანდიდატი გერმანელი სპეციალისტი, ტომას ტუხელი იქნება, რომელიც პსჟ-ში უკვე ნამუშევარია.