ფეხბურთი

2:15 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

11-წლიანი პაუზის შემდეგ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

„მილანი“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს! იტალიის მოქმედმა ჩემპიონი ლონდონის „ტოტენჰემის“ ბარიერი დაძლია და ძალიან დიდი ხნის შემდეგ ევროპის ტოპ 8 გუნდში გაერია.

ბოლოს „მილანი“ 2011-2012 წლების სეზონში იყო მეოთხედფინალშია, სადაც „ბარსელონასთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ვნახოთ ამჯერზე რა იქნება, მაგრამ მანამდე ფაქტია, რომ „როსონერიმ“ მერვედფინალში „ტოტენჰემს“ აჯობა.

სტეფანო პიოლის გუნდმა სამი კვირის წინ შინ 1:0 მოიგო და სწორედ ამ ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა ორმატჩიანი დუელის ბედი. ლონდონური შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ამრიგად, „მილანმა“ ორი მატჩის ჯამში 1:0 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემმა“ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. 180 წუთში (ორივე შეხვედრაში), პრაქტიკულად ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა, ისიც ლონდონში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. ეგ იყო და ეგ, „მილანმა“ დამსახურებულად აჯობა მეტოქეს და 2012 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია.

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალში „მილანის“ გარდა უკვე გავიდნენ „ბაიერნი“, „ბენფიკა“ და „ჩელსი“, ხოლო დანარჩენი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა მომდევნო კვირაში გაირკვევა.

„ტოტენჰემი“ – „მილანი“ 0:0 (0:0)

0.11613