იტალიის სერია A-ში 25-ე ტურის შემდეგ „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შორის სხვაობა შემცირდა, თუმცა, ისევ ძალიან სოლიდურია.
„ნაპოლის“ „ლაციოსთან“ წაგებით „ნერაძურიმ“ ისარგებლა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან „ლეჩეს“ მასპინძლობდა და აშკარა ფავორიტი იყო. სიმონე ინძაგის გუნდმა ჰენრიხ მხითარიანისა და ლაუტარო მარტინესის გოლებით იოლად, 2:0 მოიგო. შედეგად, „ინტერს“ 50 ქულა აქვს და „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება, სეზონის ფინიშამდე კი 13 ტურია დარჩენილი.
ტურის მთავარ შეხვედრაში კი „რომამ“ „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა. ტურინელებმა სამჯერ შეაზანზარეს მეტოქის კარის ძელი, რომაელებს კი ბევრი არაფერი შეუქმნიათ, მაგრამ მაინც მოიგეს. 53-ე წუთზე ჯანლუკა მანჩინიმ მშვენიერი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. სხვათა შორის, "რომამ" "იუვენტუსთან" მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი წააგო, რაც 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. მას მერე, "იუვე" ერთხელ მაინც ახერხებდა სეზონში "ჯალოროსის" დამარცხებას. უნდა ვახსენოთ მოიზე კინი, რომელმაც თამაშში ჩართვიდან 40 წამში წითელი ბარათი მიიღო...
„რომამ“ ამ გამარჯვებით 47 ქულა დააგროვა, „მილანს“ გაუთანაბრდა, მაგრამ ბურთებით სჯობნის და ოთხეულში შევიდა, ხოლო „იუვენტუსი“ 35 ქულით მერვე ადგილზეა. ტურინულმა გრანდმა ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
„რომა“ – „იუვენტუსი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მანჩინი (53)
„ინტერი“ – „ლეჩე“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 მხითარიანი (29), 2:0 ლაუტარო მარტინესი (53)