რაგბი

17:56 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები რაგბის ევროპის ფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ლევან მაისაშვილის გუნდი ნახევარფინალში რუმინეთს გაეჯიბრა, რომელიც ზედმეტი პრობლემების გარეშე, 31:7 დაამარცხა და ჩემპიონობამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს.

„ბორჯღალოსნებმა“ პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა და სრულიად დამსახურებულად მოიგეს, რადგან კლასში სხვაობა იგრძნობოდა. ანგარიში ჯარიმით თედო აბჟანდაძემ გახსნა, რასაც პირველ ტაიმში მერაბ შარიქაძისა და სანდრო თოდუას ლელოები მოჰყვა, რომლებიც აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა.

მეორე ტაიმში ტექნიკური ლელოს წყალობით ქართველი მორაგბეების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვლახებმა 63-ე წუთზე მოახერხეს გარდასახული ლელოთი სხვაობის შემცირება, მაგრამ ცხადია, ამით თამაში არ დაძაბულა. უფრო მეტიც, ბოლო წუთზე აკა ტაბუცაძემ კიდევ ერთი გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი გამოდგა და საქართველოს ნაკრებმა 31:7 მოიგო.

მოგეხსენებათ, რაგბის ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ტარდება, სადაც პლეი-ოფის სისტემა შემოიღეს, თუმცა, ეს საქართველოსთვის დაბრკოლება ნამდვილად არ გამხდარა, რადგან ცალსახაა, რომ მაისაშვილის გუნდი მეტოქეებს ამ ტურნირზე მინიმუმ ერთი თავით აღემატება.

„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდებიან. ფინალური მატჩი 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპა 14-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება, "ბორჯღალოსნებმა" მე-17-ედ მოიპოვეს.

საქართველო - რუმინეთი 31:7 (17:0)

ქულები: 3:0 აბჟანდაძე (2), 8:0 შარიქაძე (10), 10:0 აბჟანდაძე (გარდასახვა, 11), 15:0 თოდუა (33), 17:0 აბჟანდაძე (35), 24:0 ტექნიკური ლელო და გარდასახვა (57), 24:5 კაპატანა (63), 24:7 მელინტე (63), 29:7 ტაბუცაძე (80), 31:7 აფრასიძე (80).

0.124279