ტაშკენტის გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანი ჩემპიონი გახდა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
100 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანანი და იაპონელი კოტარო უეოკა, ხოლო ფინალში ავსტრიელ აარონ ფარას დაუპირისპირდა, რომელსაც იპონით შესანიშნავ სტილში აჯობა და გასული წლის ივლისის შემდეგ პირველი მედალი მოიგო. რაც შეეხება ოქროს მედალს, ვარლამმა უმაღლესი სინჯის მედალი 2021 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოიპოვა.
ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა ლინ ფან ჩანი და კამილა ბერლიკაში დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჩინელ შიან ქსუსთან წააგო. ბრინჯაოსთვის სომხიშვილი თურქ ჰილალ ოზტურკს შეხვდა და სამი გაფრთხილებით მარცხი განიცადა, შესაბამისად, მედალი ვერ დაისაკუთრა. სამაგიეროდ, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გელა ზაალიშვილი.
ტაშკენტის გრანდ სლემი საქართველომ სამი მედლით მეოთხე ადგილზე დაასრულა, რომელიც ვარლამ ლიპარტელიანმა (ოქრო), ეთერ ლიპარტელიანმა (ვერცხლი) და გელა ზაალიშვილმა (ბრინჯაო) მოიპოვეს.