სხვა

18:15 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგა გურგენიძემ საქართველოს 2024 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოუტანა

კანადის ქალაქ კალგარიში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველმა ინგა გურგენიძემ იასპარეზა, რომელმაც მე-9 ადგილი დაიკავა და საქართველოს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოუტანა.



თავისუფალ პროგრამაში ქართველმა მოციგურავემ ღირსეულად იასპარეზა. მან 7 ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის კი იყო ურთულესი ტექნიკური ელემენტი სამნახევარი აქსელი, რომელიც ინგამ ორჯერ გამოიყენა თავის პროგრამაში, ერთი სოლო ნახტომის სახით და მეორე კომბინაციაში.

გურგენიძის გამოსვლა თავისუფალ პროგრამაში ძალიან ღირსეული იყო და რომ არა მოკლე პროგრამაში ამავე სამნახევარ აქსელზე დაშვებული შეცდომა, ქართველი სპორტსმენი საუკეთესო სამეულშიც აღმოჩნდებოდა.

საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში ინგა გურგენიძემ 120.48 ქულით მე-7, ხოლო ორი პროგრამის ჯამში, 172.5 ქულით საუკეთესო ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა. ამ შედეგით, ქართველმა მომავალი წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ადგილი და 2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენს ქვეყანას ლიცენზია მოუტანა გოგონების კატეგორიაში. გარდა ამისა, მან მსოფლიოს 2023 წლის საერთო რეიტინგულ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს 215 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გუშინ იასპარეზა მოკლე პროგრამაში კონსტანტინე სუპატაშვილმაც, რომელმაც 58,97 ქულით 24 საუკეთესო სპორტსმენში მოიპოვა ადგილი და თავისუფალ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

კალგარის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას გარდა გურგენიძის და სუპატაშვილისა, გრეის ელიზაბეტ ვეინიკი და ეჰორ ბარშაკი სპორტული ცეკვებში დაიცავენ.

0.124654