ევროლიგის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტამბოლში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა და უბრძოლველად, 72:104 წააგო. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თურქებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
შენგელიამ 22:47 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.
„ვირტუსში“ საუკეთესო მარკო ბელინელი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა, მაგრამ მისი გუნდი სოლიდური მარცხისგან ვერ იხსნა.
„ვირტუს ბოლონია“ 12 მოგებით და 14 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 მარტს, ბელგრადის „პარტიზანს“ ესტუმრება.