დღეს სტარტი აიღო ტაშკენტის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე უზბეკი შუკურჯონ ამინოვა, ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა და ტაიპეის წარმომადგენელი ჩენ-ლინ ლიენი დაამარცხა. ეთერი ფინალში იაპონელ მომო ტამაოკის გაეჯიბრა, მაგრამ იპონით მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში გერმანელი მაქსიმილიან სტანდკე დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში ლუხუმმა ფრანგ ვენდ-იამ რომარიკ ბუდას აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ ნურკანატ სერიკბაეივთან წააგო. შესაბამისად, ქართველი ბრინჯაოსთვის იბრძოდა, მისი მეტოქე კი აზერბაიჯანელი აჰმად იუსიფოვი იყო, თუმცა ჩხვიმიანი დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
ამავე წონაში იასპარეზა ამირან დარბაისელმა, რომელიც პირველივე წრეში თურქმენ ჰაკბერდი ჯუმაიევთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.