ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში „ელ კლასიკო“ შედგა, რომელშიც „ბარსელონამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოიგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ჩავის გუნდი უპრინციპულეს შეხვედრას ზედიზედ ორი მარცხით და სერიოზული დანაკლისით შეხვდა, რადგან რობერტ ლევანდოვსკის და პედრის ტრავმები აქვთ. თუმცა, „ბლაუგრანამ“ „რეალს“ მისსავე მოედანზე მოუგო და დამსახურებულად.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 26-ე წუთზე გავიდა. ფრანკ კესის დარტყმა ტიბო კურტუამ მოიგერია, მაგრამ ბურთი ედერ მილიტაოს მოხვდა და კარში მაინც აღმოჩნდა.
„რეალს“ დიდი დრო ჰქონდა სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. უფრო მეტიც, კარლო ანჩელოტის გუნდმა ისე წააგო, რომ კარში ზუსტად საერთოდ ვერ დაარტყა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 5 აპრილს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში პამპლონას „ოსასუნამ“ „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა.
„რეალი“ – „ბარსელონა“ 0:1 (0:1)
გოლები: 0:1 მილიტაო (26, ა.გ)