წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა მეცხრე ტურში სტუმრად გერმანული „ჰანოვერი“ 10:8 დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 8:6 მოიგეს, თუმცა, მეორე ნახევარი „დინამომ“ შესანიშნავად ჩაატარა, ორივე პერიოდი მოიგო, თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვა!
მესამე და მეოთხე პერიოდში ქართულმა გუნდმა ერთნაირი ანგარიშით, 2:0 იმარჯვა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა. ისიც სათქმელია, რომ თბილისური გუნდი მატჩის მიმდინარეობისას 4:8 მარცხდებოდა, მაგრამ ზედიზედ 6 გოლი ისე გაიტანა, რომ თვითონ ერთიც არ გაუშვია.
„დინამო თბილისის“ რიგებში 3-3 გოლი გაიტანეს სტეფან პეისიცავმა და ბესარიონ ახვლედიანმა, დუბლი შეასრულა საბა ტყეშელაშვილმა, ხოლო თითო ბურთი გიორგი მაგრაქველიძისა და მაქსიმ მალიშაუს აქტივშია.
„დინამო თბილისი“ A ჯგუფში 9 ტურის შემდეგ 1 მოგებით და 8 წაგებით მეშვიდე-მერვე ადგილებს „ჰანოვერთან“ ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 22 მარტს, შინ სერბულ „რადნიჩკისთან“ გამართავს.
„ჰანოვერი“ – „დინამო თბილისი“ 8:10 (2:2, 6:4, 0:2, 0:2)