ფეხბურთი

20:14 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტს ადამიანის გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებენ

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი შესაძლოა დააპატიმრონ. პარიზის სასამართლომ პსჟ-ს ბოსის წინააღმდეგ ადამიანის გატაცებისა და წამების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ალ-ხელაიფს ბრალი წაუყენეს ალჟირელი ტაიბ ბენაბდერრაჰმანის გატაცებასა და წამებაში. როგორც ირკვევა, მას პსჟ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტები ჰქონდა, რაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობას უკავშირდება.

ფრანგული მედიის ცნობით, ბენაბდერრაჰმანი გაიტაცეს, აწამეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ინფორმაციის გაუთქმელობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამრიგად, დუმილის სანაცვლოდ ის გაათავისუფლეს.

საქმეზე სამი პროკურორი მუშაობს და ნასერ ალ-ხელაიფს ბრალი თუ დაუდასტურდა, ცხადია, პატიმრობა ემუქრება. „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი სკანდალში აქამდეც არაერთხელ გახვეულა.

აქვე გეტყვით, რომ სხვა საქმიანობებთან ერთად ნასერ ალ-ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტია. ამ პოსტზე მან 2021 წელს ანდრე ანიელი შეცვალა. ალ-ხელაიფი განსაკუთრებული მეგობრობით გამოირჩევა ფიფასა და უეფას პრეზიდენტებთან, ჯანი ინფანტინოსა და ალექსანდერ ჩეფერინთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120743