დღეს ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა სლოუპსტაილში გათამაშდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მე-12 დღეს ბაკურიანში მედლების კიდევ 2 კომპლექტი გათამაშდა.
სნოუბორდის სლოუპსტაილის დისციპლინაში ქალთა შორის გამარჯვებული 16 წლის ბრიტანელი, მია ბრუკსი გახდა. მან ურთულესი 1440-იანი ორმაგი გრაბი შეასრულა და 91.38 ქულით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ვერცხლის მედალი ახალ ზელანდიელმა ზოი სადოვსკი სინოტმა მოიპოვა 88.78 ქულით. რაც შეეხება ბრინჯაოს, ის 83.05 ქულით იაპონელ მიაბი ონიცუკას შეხვდა.
მამაკაცთა შორის იმავე დისციპლინის გამარჯვებული 87.23 ქულით ნორვეგიელი მარკუს კლეველენდი გახდა. მეორე ადგილზე 83.45 ქულით იაპონელი რიომა კიმატა გავიდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი აშშ-ს წარმომადგენელი კრის კორნინგი გახდა 82.18 ქულით.
ამ მომენტისათვის ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში შვეიცარიის ნაკრები 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ლიდერობს. მეორე ადგილზე შვედეთია 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოთი. მესამე პოზიციაზე კანადაა. მათაც 2 ოქრო აქვთ, თუმცა 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ხვალ შეჯიბრებები უკვე ფრისკის სლოუპსტაილში გაიმართება და გამარჯვებულებიც გამოვლინდება.