სხვა

20:41 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მფრინავი სპორტსმენები ბაკურიანში: არეალსში მსოფლიოს ჩემპიონები გამოვლინდნენ (+VIDEO)

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს მე-8 დღე მიილია და გამარჯვებულთა ნუსხას ამჯერად შვეიცარიელი და ჩინელი სპორტსმენები შეემატნენ.

კოხტას მთაზე დღეს მფრინავი მონაწილეების ჯერი დადგა. 1 დღით გადადებული არეალსის ფინალები დილიდან დაიწყო. ბევრი აკრობატული ილეთისა და საოცარი დაშვებების შემდეგ, ჟიურიმ საუკეთესო სამეული ქულების შეფასებით გამოავლინა და პედესტალზე როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში პრიზიორები ავიდნენ.

ქალებში პირველი ადგილი ჩინელმა ფანიუ კონგმა დაიკავა, მეორე-მესამე ადგილები კი ბრიტანელმა და უკრაინელმა გადაინაწილეს. მამაკაცებში ჩემპიონი შვეიცარიელი ნოა როთი გახდა, ხოლო ვერცხლს და ბრინჯაოს შესაბამისად ამერიკელი და ჩინელი დაეუფლნენ.

ქალები:

  1. ფანიუ კონგი
  2. დანიელე სკოტი
  3. ანასტასია ნოვოსადი

მამაკაცები:

  1. ნოა როთი
  2. ქვინ დელინჯერი
  3. ლონგშაო იანგი

გამარჯვებულებმა თავიანთი ემოციები გაგვიზიარეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში სხვა დროსაც სიამოვნებით დაბრუნდებიან.

“ცუდი ამინდი იყო და ცოტა გამიჭირდა. მეტოქეებიც კარგად იყვნენ მომზადებულები, მაგრამ ახლა საოცარი გრძნობა მაქვს, რადგან ჩემპიონი გავხდი. ეარიალსის ტრასა კარგი იყო, აქ ძალიან მომწონს. ზოგჯერ ცუდი ამინდი არის მაგრამ დანარჩენი ყველაფერი კარგია”, - გვითხრა ფანიუმ.

“მსოფლიოს ჩემპიონობა შესანიშნავი გრძნობაა, ჯერაც არ მჯერა რომ ეს ყველაფერი შევძელი მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. მომზადებით კარგად ვერ მოვემზადე, დღეს კი ბოლო შანსი მქონდა, რომელიც გამოვიყენე. ძალიან რთული იყო ქარის წინააღმდეგ დაშვება. თუმცა აქ ყველაფერი მომეწონა და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ყოველთვის დავბრუნდები”, - განაცხადა ნოამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საპრიზო სამეულის გაგების შემდეგ, ქალთა მესამე ადგილოსან ანასტასია ნოვოსადს ექსკლუზიური კომენტარი ვთხვეთ, რომელზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა. უკრაინელი სპორტსმენი საქართველოში ყოფნით და მიღწეული შედეგით კმაყოფილია და ემოციებიც გაგვიზიარა.

"ბაკურიანი, როგორც სამთო-სათილამურო კურორტი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვითარდება. დღეს ურთულესი ამინდი იყო, ქარის დროს ვერაფერს ხედავ, მაგრამ ეს ზამთრის სპორტია და ჩვენი პრობლემები უნდა დავივიწყოთ. აქაურობა ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით გემრიელი სამზარეულო გაქვთ. სურვილი მაქვს, რომ საქართველოში ისევ დავბრუნდე. მადლობა თქვენ ქვეყანას ჩვწნი ქვეყნის გვერდში დგომისთვის", - გვითხრა ანასტასიამ.

ჩვენი ხანმოკლე საუბარი კი შემდეგი სიტყვებით დასრულდა: - სლავა უკრაინა! გეროიამ სლავა!

რამდენიმე დღეა ბაკურიანი მსოფლიოს ეპიცენტრშია. საქართველოში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი და 4000-მდე დელეგაციის წევრი იმყოფება. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს და ამის გასაღები კარგი ინფრასტრუქტურაა. ევროსპორტის კომენტატორმა კი ამჯერად უკვე მთის ტრასების სააგენტო შეაქო და პირდაპირ ეთერში მათ მადლობა გადაუხადა. დღის განმავლობაში კი საშუალება მოგვეცა მცირე კომენტარი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელ ჯო ფიცჯერალდთან ჩაგვეწერა:

“ამინდით ცოტა გაბრაზებულები ვიყავით, თუმცა ეს ნორმალურია როდესაც ზამთრის დროს მთებში ხარ. ხანდახან ქარია, ხანდახან თოვს. მოგულების ტრასისთვის თოვლს ხელი არ შეუშლია, ქარმა კი მოახდინა გავლენა აერიალებზე, თუმცა საბოლოოდ ჩადგა და ყველაფერი კარგად მიდის. სპორტსმენებს ძალიან სურთ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ვარჯიში დავასრულეთ, ახლა კვალიფიკაცია მიდის და იმედია ფინალებსაც ჩავატარებთ. აქ უკვე მეათედ ვარ. პირველად 2017 წლის ზაფხულში ჩამოვედი. მაშინ ამ ბორცვზე ავიარე და ვთქვი, რომ ეს ძალიან კარგი ტრასა იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. მშვენიერი ადგილია სათხილამუროდ, ბევრი თოვლია”, - გვითხრა ფიცჯერალდმა.

არეალსის ფინალების პარალელურად დღეს სკი კროსის კვალიფიკაცია უნდა ჩატარებულიყო, სადაც დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი გამოდიან, თუმცა დიდველის ტრასაზე უამინდობის გამო, კვალიფიკაცია ხვალამდე გადაიდო. ამინდის მიუხედავად ბოლო ოფიციალური ვარჯიში ჰქონდათ ბუთა ელოშვილსა და ნიკა ჩოფიკაშვილს.

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ სწორედ სკი კროსის დიაიპლინით გაგრძელდება. საუკეთესოებს შორის მოხვედრას კი სამი ქართველი სპორტსმენი ეცდება.

0.120905