რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის გათამაშების დეტალები ოფიციალურად დადასტურდა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა „ბორჯღალოსნების“ მატჩის თარიღი და ფინალის ლოკაცია.
ახალი ფორმატის ჩამოყალიბების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფი, პორტუგალიის ნაკრებმა კი B ჯგუფი ქულათა მაქსიმალური რაოდენობით დაასრულეს. ამავე ჯგუფებში მეორე პოზიციები ესპანეთმა და რუმინეთმა დაიკავეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარფინალში საქართველო - რუმინეთს უმასპინძლებს, პორტუგალია კი - ესპანეთს.
საქართველოსა და რუმინეთის მატჩში გათამაშდება ტრადიციული ანთიმოზ ივერიელის თასიც. შეხვედრა კვირას, 5 მარტს, 16:00 საათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება.
რაც შეეხება იბერიულ დერბის, პორტუგალია ესპანეთს ერთი დღით ადრე, 4 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
ერთმანეთის წინააღმდეგ ჯგუფიდან ვერ გასული გუნდებიც ითამაშებენ. ნიდერლანდები ბელგიას უმასპინძლებს, პოლონეთი კი გერმანიას შეხვდება.
ცნობილია ისიც, რომ მე-7 და მე-5 ადგილისთვის მატჩები ამსტერდამში, მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი კი ესპანეთში, ბადახოსში გაიმართება. ფინალის დროდ 19 მარტის 23:00 საათია დასახელებული.