სხვა

1:30 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი დღე და პირველი მედლები - ბაკურიანი 2023 გახურდა

ბაკურიანში მინდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი საშეჯიბრო დღე დაიხურა და ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებულები.

წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურნირზე დღე პარალელური გიგანტური სლალომით გაიხსნა და პირველი ოქროს მედალი იაპონელმა სპორტსმენმა გოგონამ - ცუბაკი მიკიმ მოიპოვა. მან 311 ქულა დააგროვა, კონკურენტებს სოლიდური სხვაობით აჯობა და თავის კარიერაში პირველი ოქრო სწორედ საქართველოში აიღო. მეორე ადგილზე პოლონელი ალექსანდრა კროლი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ავსტრიელ დანიელა ულბინგს ენდო.

ამავე დისციპლონაში მამაკაცებმაც იასპარეზეს, პირველობა პოლონელმა ოსკარ კვიატოვსკიმ არავის დაუთმო. სხვათა შორის მან შვეიცარიელ სპორტსმენ დარიო კავაზელის აჯობა, რომელიც საქართველოში შარშან გამართულ ევროპის თასზეც იმყოფებოდა და გამარჯვებულიც გახდა. მესამე ადგილი კი ავსტრიელმა პაიერ ალექსანდერმა დაიკავა.

პარალელურ გიგანტურ სლალომს დიდველის ტრასამ უმასპინძლა, რომლმაც გამარჯვებულებისგან მოწონებაც დაიმსახურა:

"საკმაოდ რთული ტრასა იყო როგორც ჩემთვის, ასევე სხვა ათლეტებისთვის. თუმცა, საბოლოოდ მოვახერხე და გამარჯვება მაინც მოვიპოვე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო ამ სეზონზე. ასეთ მაღალ პოზიციაზე კი აქამდე არასდროს გავსულვარ", - თქვა მიკიმ.

"ძალიან რთული ეტაპი გამოვიდა. არ მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მე უბრალოდ ჩემი საუკეთესო შედეგი ვაჩვენე და სულ ეს იყო. ორგანიზება ძალიან კარგია და ტრასაც მომეწონა. ჩემი ფავორიტი ტრასა არაა, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც შევძელი და ბედნიერი ვარ", - განაცხადა პოლონელმა ოსკარ კვიატკოვსკიმ.

ამავე დისციპლინაში დიდველის ტრასაზე ერთი ქართველი სპორტსმენი რევაზ ნაზღაიძე გამოდიოდა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი 39-ე ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო 32 სპორტსმენს შორის მოხვედრა ვერ შეძლო და ფინალში ვერ გავიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, დიდველის ტრასას ვეტერანი ქართველი მოთხილამურის, ოთარ გოცირიძის სახელი მიენიჭა.

დღის მეორე ნაწილში კი კიდევ ერთი გამარჯვებული უკვე კოხტას ტრასაზე გამოვლინდა. ფრისტაილში - შერეული გუნდური აერიალების დისციპლინა, ამერიკის შეერთებული შტატების გამარჯვებით დასრულდა.

ამრიგად, პირველი დღე დასრულდა, ბაკურიანი 2023-ის ფარგლებში კი ხვალ სპორტსმენები დაისვენებენ და შეჯიბრებები სხვადასხვა დისციპლინაში უკვე 21 თებერვლიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი გამოდის.

0.119853