პოლონეთის ჩემპიონატში „კრაკოვიას“ მცველ ოთარ კაკაბაძეს შესანიშნავი თამაში ჰქონდა, რადგან გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ოთარი ძირითად შემადგენლობაში არ იყო. „სტალთან“ „კრაკოვიამ“ ტაიმი 0:1 დათმო, რის შემდგომაც, 46-ე წუთზე კაკაბაძე გამოჩნდა მოედანზე და ყველაფერი შეიცვალა. მან 47-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც პატრიკ მაკუხმა ზუსტად დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამრიგად, ოთარის გარეშე „კრაკოვია“ აგებდა, მისი მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი, 2:1 მოიგო, თან ქართველის აქტივში გოლი და საგოლე პასი იყო.
კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი მიითვალა. „კრაკოვია“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა.