ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა. „დორტმუნდმა“ „ჩელსი“ და „ბენფიკამ“ „ბრიუგე“ დაამარცხა.
ჯერ პორტუგალიელთა გამარჯვებაზე: „ბენფიკამ“ ჯგუფურ ეტაპზე გაიბრწყინა, ჯგუფში, სადაც პსჟ და „იუვენტუსი“ ჰყავდა, პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად, „ბრიუგესთან“ აშკარა ფავორიტი იყო. ლისაბონელებმა მოლოდინი გაამართლეს და შეიძლება ითქვას, მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვეს. ბელგიაში პორტუგალიელებმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანეს: ჯერ ჟოაო მარიომ გახსნა ანგარიში, მერე დავიდ ნერეშმა სხვაობა გაზარდა და „ბენფიკამ“ 2:0 მოიგო. ამდენად, „და ლუჟზე“ მომდევნო ეტაპის საგზურს გაიფორმებს, ძნელი წარმოსადგენია, რომ „ბრიუგემ“ საპასუხო შეხვედრაში სასწაულის მოხდენა და თუნდაც გაბრძოლება შეძლოს.
სამაგიეროდ, დღის მეორე მატჩი დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ღიაა. „დორტმუნდმა“ „ჩელსის“ მოუგო, მაგრამ ინგლისელები წაგებას არ იმსახურებდნენ. გრემ პოტერის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. 8-ჯერ „დორტმუნდი“ მეკარემ გადაარჩინა, ერთხელ ემრე ჯანმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, ერთხელაც ჟოაო ფელიქსმა ხარიხა შეაზანზარა. საპასუხოდ კი, ედინ ტერზიჩის გუნდმა თავისი შანსი პრაქტიკულად იდეალურად გამოიყენა.
63-ე წუთზე „ჩელსი“ ახლოს იყო გოლთან, როცა ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს კუთხურის დროს, თუმცა ბურთი ბადის ნაცვლად „დორტმუნდის“ ფეხბურთელის ფეხში აღმოჩნდა და სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც კარიმ ადეიემიმ ფანტასტიკურად დაასრულა. მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ენცო ფერნანდესი მოატყუა, მერე მეკარესაც გასცდა და ცარიელ კარში გაიტანა. ამ გოლით „ბორუსიამ“ მოიგო და „სტემფორდ ბრიჯზე“ უპირატესობით ჩავა. თუმცა, ცხადია, ყველაფერი იქ გადაწყდება და „ჩელსი“ უშანსოდ სულაც არ იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ამ წყვილების საპასუხო მატჩები 7 მარტს გაიმართება.
„ბრიუგე“ – „ბენფიკა“ 0:2 (0:0)
ბრიუგე, „იან ბრეიდელი“
„ბრიუგე“ (4-2-3-1): მინოლე; მატა, ჰენდრი, მეხელე, მეიერი; ოდოი (ნილსენი 65), ონიედიკა, ბახანენი, ვანაკენი, სოვა (ჟუტგლა 79); ლანგი
მწვრთნელი: სკოტ პარკერი
„ბენფიკა“ (4-2-3-1): ვლახოდიმოსი; ბაჰი, ანტონიო სილვა, ოტამენდი, გრიმალდო; ფლორენტინო, ჩიკინიო; აურსნესი, ჟოაო მარიო (ნევეში 90), რაფა სილვა (ნერეში 65); რამოში (გედეში 65)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლები: 0:1 ჟოაო მარიო (51, პენ), 0:2 ნერეში (88)
გაფრთხილება: ოდოი (9), სოვა (29) - ოტამენდი (43)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 14 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 4:4
მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)
„დორტმუნდი“ – „ჩელსი“ 1:0 (0:0)
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“
„დორტმუნდი“ (4-1-4-1): კობელი; ვოლფი (რიერსონი 73), სულე, შლოტერბეკი, გერეირო; ემრე ჯანი; ადეიემი (ბინო-გიტენსი 79), ბელინგემი, ოზჯანი, ბრანდტი; ალე
მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი
„ჩელსი“ (4-2-3-1): კეპა; ჯეიმსი, კულიბალი, ტიაგო სილვა, ჩილველი (მაუნთი 71); ლოფტუს-ჩეკი, ენცო ფერნანდესი; ზიეში, ჟოაო ფელიქსი, მუდრიკი (კუკურელია 71); ჰავერცი
მწვრთნელი: გრემ პოტერი
გოლი: 1:0 ადეიემი (63)
გაფრთხილება: ბელინგემი (49), ემრე ჯანი (53), ადეიემი (77), ოზჯანი (85), რიერსონი (90), სულე (90) - ჯეიმსი (9), ტიაგო სილვა (17), ზიეში (72), მაუნთი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (2) – 19 (8) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:10 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: ჟილ მანსანო (ესპანეთი)