ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დასრულებული არაფერია და მეორე მატჩში მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი აქვს.
„თანაბარი თამაში იყო. ჩვენი ნაკლი ისაა, რომ დასაწყისშივე გავუშვით გოლი, რომლის თავიდან არიდება შეიძლებოდა. შემდეგ თამაში გარკვეულწილად „მილანისთვის“ წარიმართა და ისინი თავს ძალიან კარგად იცავდნენ. გაგვიჭირდა სივრცეების პოვნა და ანგარიშის გათანაბრება ამიტომაც ვერ მოვახერხეთ. ცუდად არ იყო თამაში მომზადებული და მიდგომაც არ იყო ცუდი, გარდა იმ ტაქტიკური შეცდომისა, რომელიც დავუშვით.
თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა, მაგრამ მხოლოდ შუა გზაზე ვართ და ჯერ არაფერია დასრულებული. „მილანი“ იტალიის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა, ახლა კი ჩვენს სტადიონზეც ისეთივე ატმოსფეროს ველოდები, როგორიც აქ იყო. ვეცდებით, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
„მილანის“ ფანების შეურაცხყოფა? ეს მატჩის ნაწილია. არ ვამბობ, რომ შეურაცხყოფა მისაღებია, მაგრამ ხდება. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი და მწვრთნელი, „ინტერის“ მწვრთნელი ვიყავი, „მილანის“ არასდროს და გასაგებია“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, „ტოტენჰემისა“ და „მილანის“ საპასუხო მატჩი 8 მარტს, ლონდონში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტეს „მილანის“ ფანებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მატჩის დაწყებამდე, წუთიერი დუმილის დროსაც მიაყენეს, რომელიც თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით გარდაცვლილთა ხსოვნას ეძღვნებოდა. გაჩუმებული სტადიონის ფონზე რამდენიმე გულშემატკივრის შეურაცხმყოფელი სიტყვები გარკვევით ისმოდა...