ფეხბურთი

17:40 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერარამ და ბარძალიმ მსაჯს დასცინეს, რომელმაც თქვა, რომ კვარაცხელიას მხრიდან შეტევაში ჯარიმა იყო (+VIDEO)

„ნაპოლისა“ და „კრემონეზეს“ მატჩის ხვიჩა კვარაცხელია პირველ ტაიმში საჯარიმოში წაიქცა და პენალტს აქტიურად ითხოვდა. თუმცა, მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა და თამაში გაგრძელდა.

მატჩის შემდეგ DAZN-ს ექსპერტმა და სერია A-ს ყოფილმა მსაჯმა ლუკა მარელიმ განაცხადა, რომ პენალტი არ იყო. უფრო მეტიც, მისი აზრით, თამაშის წესს ქართველი ფეხბურთელი არღვევდა.

„ფერარი სირბილის მიმართულებას ოდნავადაც არ ცვლის. შეხედეთ, ზუსტად იმავე მიმართულებით მირბის, კვარაცხელიას მიმართულებით არ მოძრაობს, ბურთზეც თამაშობს და შემდეგ კვარაცხელია მას ფეხში ურტყამს. ჩემი აზრით, ეს პენალტზე მეტად შეტევაში ჯარიმაა“, - განაცხადა მარელიმ.

DAZN-ს სტუდიაში იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელები, „იუვენტუსის“ ლეგენდარული მცველები, ანდრეა ბარძალი და ჩირო ფერარა, რომლებიც მსაჯს არ დაეთანხმნენ. ფერარამაც ბარძალიმაც მარელის სიცილით უპასუხეს: „შეტევაში ჯარიმა მგონია, რომ გაზვიადებული შეფასებაა“, - აღნიშნა ჩირო ფერარამ, რომელიც სიცილს ვერ იკავებდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.115983