იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ აუტსაიდერი „კრემონეზე“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლის გატანა ისევ მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელი 22-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა და საკუთარ იუბილეზე გოლი გაიტანა, რითაც საკუთარ თავს ალბათ, საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა. კვარამ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა. მან შესანიშნავად ითამაშა, მცველი მოატყუა და მეკარეს აუღებელი დაურტყა - 1:0.
„ნაპოლიმ“ ტაიმი ასე მოიგო, მაგრამ შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობით მოეგო. მაგალითად, კვარას კარგი მომენტი ჰქონდა დუბლის შესასრულებლად, თუმცა თავით მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა. მეორე ტაიმში ლუჩანო სპალეტის გუნდმა კიდევ ორჯერ გაიტანა: ჯერ ვიქტორ ოსიმენმა და მერე ელიფ ელმასმა - 3:0. 22 წლის ქართველი შემტევი სპალეტიმ 83-ე წუთზე შეცვალა. „კრემონეზეს“ რიგებში ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში იმ ფეხბურთელთაგან, ვისაც დებიუტი აქვთ ტოპჩემპიონატებში, მინიმუმ 9 გოლი და 9 საგოლე პასი კვარას გარდა, არავის აქვს.
„ნაპოლიმ“ 22 ტურში 59 ქულას მოუყარა თავი და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში „აძური“ 17 თებერვალს, „სასუოლოს“ ესტუმრება. ლოჩოშვილის „კრემონეზე“ მოუგებლად და 8 ქულით ბოლო ადგილზეა, წინ კი „ტორინოსთან“ საგარეო თამაში ელოდება.
„ნაპოლი“ – „კრემონეზე“ 3:0 (1:0)
გოლი: 1:0 კვარაცხელია (21), 2:0 ოსიმენი (65), 3:0 ელმასი (79)