საფრანგეთის კურშეველში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის დაშვების რბოლა გაიმართა, რომელიც შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიგო. ამგვარად, ჩემპიონატზე დაშვების ორივე რბოლა შვეიცარიელებმა მოიგეს - წინა დღეს სენსაციური გამარჯვება ჟასმინ ფლურიმ მოიპოვა.
ოდერმატს მსოფლიო თასზე დაშვების რბოლა ჯერ არ მოუგია. ის შვიდჯერ გავიდა მეორე ადგილზე, მაგრამ ამჯერად შეუდარებელი იყო და მთავარ მეტოქეს, ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს 0.48 წამით აჯობა. კილდესთვის ეს მეორე ვერცხლია. პირველი მან სუპერ-გიგანტში მოიპოვა. ბრინჯაოს მედალს კანადელი კამერონ ალექსანდერი დაეუფლა.
„ეს ჩემი უნაკლო გამოსვლა იყო. ალბათ დაშვებაში ასე კარგად არასდროს გამოვსულვარ. ჩვენ კიდევ ერთი დიდი ბრძოლა გვქონდა. მაგრამ მხოლოდ ერთი იგებს. ოქროს ისიც (კილდე) იმსახურებდა, მაგრამ დღეს იღბალი ჩემკენ იყო“, განაცხადა ჩემპიონმა, ვინც მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში დამაჯერებლად ლიდერობს.
რბოლისას ოდერმატის სიჩქარე 125 კმ/სთ-საც კი აღწევდა და დაახლოებით, 50-მეტრიან ნახტომებსაც ასრულებდა. მან თავიდანვე მაღალი ტემპი განავითარა. მისი შედეგი ვერც კილდემ გააუმჯობესა, ვისაც წელს მსოფლიო თასზე უკვე ხუთი დაშვება აქვს მოგებული.