ლონდონის “ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, გრემ პოტერი „ვესტ ჰემთან“ მატჩში მსაჯების და ტომას სოუჩეკის ქმედებით უკმაყოფილო დარჩა და პრესკონფერენციაზე სარკასტული კომენტარი გააკეთა.
ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში „ლონდონ სთეიდიუმზე“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა, ერთ ეპიზოდში კი გალაჰერის დარტყმულს ტომას სოუჩეკი გადაეფარა და ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა ამ ეპიზოდს მსაჯების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, სარკასტული კომენტარი „ლურჯების“ მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
„არ ვიცოდი სოუჩეკს ასეთი სეივების გაკეთება თუ შეეძლო. ნამდვილად კარგი მოგერიება იყო. ხანდახან მეკარე გჭირდება, რომ ქულები მოგიტანოს.“
„ვიდეო რეფერის შესახებ ჩემგან ვერაფერ მოისმენთ. მიიღებთ თუ არა უფრო მეტ სტაბილურობას ვარ-ისგან? არა, რადგან ისინიც ადამიანები არიან. როდესაც ერთი და იგივე გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვერ იღებ, ძალიან რთულია სტაბილურობა შეინარჩუნო.“ - განაცხადა პოტერმა.
„არისტოკრატები“ შეხვედრის დებიუტში ჟოაო ფელიქსმა დააწინაურა, რომელმაც ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა ასევე ახალწვეული ენცო ფერნანდესის პასით, თუმცა 28-ე წუთზე „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემერსონმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ასე დასრულდა.
ჩატარებული 22 მატჩის შემდეგ „ჩელსის“ 31 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. „ვესტ ჰემი“ კი 20 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.