საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერი „პსჟ“ „მონაკოს“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა.
პარიზელები მატჩს თავიანთი ორი ლიდერის, ლეო მესისა და კილიან მბაპეს გარეშე ატარებდნენ. მათ არყოფნაში ლიდერობა თავის თავზე ნეიმარს უნდა აეღო, თუმცა ბრაზილიელმა ეს ვერ მოახერხა.
შეხვედრაში ანგარიში ალექსანდრ გოლოვინმა მე-4 წუთზე გახსნა, რასაც 14 წუთში ვისამ ბენ იედერმა მეორე გოლიც მოაყოლა. პარიზელებმა სხვაობა ახალგაზრდა და ნიჭიერი ზაირ-ემერის გოლით შეამცირეს, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ დროში ბენ იედერმა დუბლი შეასრულა და ვინაიდან, მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა, მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის ლიდერობას 54 ქულით განაგრძობს, „მონაკომ“ კი დღეს მოპოვებული გამარჯვებით „მარსელისა“ და „ლანსის“ მატჩების გამართვამდე 47 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
„პსჟ“ მომდევნო მატჩს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე, 14 თებერვალს, 23:55 სააათზე ჩაატარებს. მათი მეტოქე „ბაიერნი“ იქნება და როგორც გალტიემ დაადასტურა, გუნდს ლეო მესიც დაუბრუნდება. ლიგა 1-ში შემდეგი შეხვედრა დედაქალაქურ გუნდს უკვე 19 თებერვალს, „ლილის“ წინააღმდეგ უწევს.
რაც შეეხება „მონაკოს“, ისინი მომდევნო მატჩს ევროპის ლიგაზე, „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ 16 თებერვალს ჩაატარებს, ლიგა 1-ში კი 19 რიცხვში „ბრესტს“ დაუპირისპირდება.