რაგბი

17:20 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში გასამართი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა საქართველოს დროით 16:15 საათზე დაიწყება.

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ლევან მაისაშვილი შემოდგომაზე საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილავს და წინდაწინვე ითქვა, რომ თამაშის შანსს გაფართოებულ რაზმში მყოფი ყველა მორაგბე მიიღებდა.

შედეგად, გერმანიასთან 75:12 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება განხორციელდა. ხაზის მოთამაშეთაგან ძირითადში ადგილი მხოლოდ აკა ტაბუცაძემ შეინარჩუნა, შერკინებაში კი ოთხმა მორაგბემ – ბურჯმა ნიკა აბულაძემ, მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ და ასევე მესამეხაზელმა, გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ.

უნდა ვთქვათ, რომ ნიდერლანდებთან სათამაშო შემადგენლობის დასახელებამდე, მცირე ტრავმის გამო გუნდს ბექა გორგაძე დააკლდა და მის ნაცვლად გაფართოებულ რაზმს ლუკა ივანიშვილი დაემატა.

სრულად შეიცვალა ღერძი, სადაც თამაშს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ, ასევე ცენტრი – გიორგი კვესელაძეს დემე თაფლაძე შეუწყვილდა. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება დავით ნინიაშვილი, ფრთაზე სანდრო თოდუა, ხოლო გერმანიასთან სამი და ჯამში 22 სანაკრებო ლელოს გამტანი აკა ტაბუცაძე ნიდერლანდებსაც პირველივე წუთებიდან შეუტევს.

შერკინების პირველ ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებს მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე. კვაჭის პოზიციაზე ამჯერად გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ, მარჯვენა ბურჯი კი ბექა გიგაშვილი იქნება. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, რომელიც გერმანიასთან მარქაფაში იყო. მესამე ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა ოთარ გიორგაძე. ბორჯღალოსნებს ზედიზედ მეორედ უკაპიტნებს ბექა საღინაძე. კვლავ ძირითად შემადგენლობაშია გერმანიასთან სამი ლელოს გამტანი გიორგი ცუცქირიძე.

უცვლელი დარჩა პირველი ხაზის მარქაფა: კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – სერგო აბრამიშვილი და ვახტანგ აბდალაძე. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ვიხილავთ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შარშან პორტუგალიასთან ჰქონდა. მესამე ხაზში გუნდს მიხეილ გაჩეჩილაძე გააძლიერებს, რომელმაც ნაკრებში ბოლოს 2021 წლის ზაფხულში, ნიდერლანდებთან ითამაშა. მარქაფაში გადაინაცვლეს 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და მგეზავმა ლუკა მატკავამ. კვლავ შეცვლაზეა ფულბეკი ლაშა ხმალაძე.

შეგახსენებთ, პირველ ტურში ნიდერლანდები ესპანეთს მადრიდში ეწვია და 20:28 დამარცხდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 ჯგუფური ეტაპი. მეორე ტური 11 თებერვალი. ამსტერდამი. 16:15 (საქ. დრო) ნიდერლანდები – საქართველო საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17 კეპი, 33 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 110 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 5 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 43 კეპი, 25 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 41 კეპი, 27 ქულა):

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 6 კეპი), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26 კეპი, 20 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30 კეპი, 10 ქულა), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 6 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 78 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 25 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 32 კეპი, 15 ქულა, კაპ.), 8. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 37 კეპი, 50 ქულა);

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 1 კეპი), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 1 კეპი), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 2 კეპი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 10 ქულა); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 71 კეპი, 73 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 3 კეპი, 28 ქულა), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 94 კეპი, 53 ქულა).

RUGBY.GE

0.120743