სხვა

19:56 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიგურული ციგურაობის ფედერაცია: "ანასტასია გუბანოვა მოსკოვში შოუზე არ გამოვა, ეს ტყუილია"

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს ანასტასია გუბანოვა მოსკოვში ფიგურული სრიალის ფესტივალში მონაწილეობას აპირებს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი ვებგვერდის გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და ანასტასია მოსკოვში არ იასპარეზებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონისძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 წლიდან ასპარეზობს და რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა, რაც ქართული ფიგურული ციგურაობისთვის ისტორიული შედეგია.

0.113443