თურქეთში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შემდეგ „გალათასარაი“ შემთხვევის ადგილას ჰუმანიტარულ დახმარებებს გზავნის, პროცესში კი გუნდის ბელგიელი შემტევი, დრის მერტენსიც ჩაერთო.
„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად დღეს დილით „ნეფ სთეიდიუმზე“ გამოჩნდა, სადაც პირველადი დახმარების ნივთების შეგროვება მიმდინარეობს. მერტენსმა ყუთების დახარისხებასა და სატვირთო ავტომობილში ჩატვირთვაში მიიღო მონაწილეობა.
„გალათასარაიმ“ გუშინ საღამოს ჰუმანიტარული დახმარებით სავსე მე-16 სატვირთო ავტომობილი გააგზავნა შემთხვევის ადგილას, დღეს დილას კი ახალი პარტიისთვის დაიწყო მომზადება.
დრის მერტენსი თურქულ კლუბს 2022 წელს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და 22 თამაში ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან. უკვე დაახლოებით 8 000 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული და ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი რამდენჯერმე გაიზრდება. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოაცხადა.