„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს გასულ ტურში „სპეცია“ 3:0 დაამარცხა, ვიქტორ ოსიმენმა კი თავისი პირველი გოლის დროს კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.
როგორც გაირკვა, გოლის მომენტში ნიგერიელი შემტევი 2.58 მეტრზე ახტა და ისე მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა, რითაც რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.
კრიშტიანუ რონალდუმ 2019 წელს „იუვენტუსის“ რიგებში „სამპდორიას“ წინააღმდეგ გატანილი გოლის დროს 2.56 მეტრზე ახტა.
ამ შეხვედრაში ოსიმენმა მეორე გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა იმ გოლში დიდი დამსახურება ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩენილი არაეგოისტურად მოიქცა და ბურთი გვერდით მდგომ ნიგერიელს გადააწოდა, მას კი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნაპოლიმ“ მატჩი 3:0 მოიგო, კვარაცხელიამ გოლი და საგოლე პასი, ვიქტორ ოსიმენმა კი დუბლი მიითვალა.