საფრანგეთის კურშეველში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონატის მამაკაცთა პირველი შეჯიბრი, კომბინაცია გაიმართა, რომელშიც ფრანგმა ალექსის პინტურომ გაიმარჯვა. მას სუპერ-გიგანტზე საუკეთესო დრო ჰქონდა, სლალომის რბოლა კი მესამე შედეგით დაასრულა და ჯამში საუკეთესო იყო.
პინტურო კომბინაციის სპეციალისტია. მსოფლიო თასზე, 2020 წლამდე, როცა ამ სახეობაში რბოლები ბოლოს ჩატარდა, მას ბოლო ათიდან შვიდი რბოლა აქვს მოგებული.
„ვფიქრობ, საუკეთესო სლალომი არ მქონდა, მაგრამ ცუდად არ გამოვსულვარ. მითუმეტეს, პირველი ნომრით მომიწია ასპარეზობამ. ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ არ იცი, სად შეიძლება გარისკო და სად შეცდომებს ერიდო“, - ამბობს 31 წლის პინტურო, ვინც სწორედ კურშეველის მახლობლად გაიზარდა და მოთხილამურედ ჩამოყალიბდა.
ვერცხლის მედალი ავსტრიელმა მარკო შვარცმა მოიპოვა, ვინც ჩემპიონს 0.1 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედალიც ავსტრიელს, რაფაელ ჰააზერს ერგო, ვინც პინტუროს ჯამში 0.44 წამით ჩამორჩა.
პინტურომ კომბინაციაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად 2019 წელს, შვედეთის არეში მოიპოვა. ორი წლის შემდეგ კი მეორე ადგილს დასჯერდა კორტინა დ’ამპეცოში, სადაც ჩემპიონი შვარცი გახდა. გარდა ამისა, ფრანგმა კომბინაციაშივე, ვერცხლის მედალი მოიპოვა პიონჩანის ოლიმპიადაზე.