რაგბი

22:26 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაისაშვილი: "არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მოწინააღმდეგე, მთავარია ჩვენ ვიყოთ ის, ვინც ვართ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2023 წელი გამარჯვებით დაიწყო და გერმანიის ნაკრები 75:12 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი სხვაობით მოგება მოსალოდნელი იყო.

ლევან მაისაშვილი: „მას შემდეგ, რაც რაგბი ევროპამ ტურნირის ფორმატი შეცვალა, ცხადი იყო რომ ასეთი სხვაობა იქნებოდა. ასეთ თამაშებზე რთულია მოტივაციის შექმნა, რაც ერთგვარი წნეხია, თუმცა კვირის დასაწყისში გუნდში გვქონდა საუბარი და შევთანხმდით – არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მოწინააღმდეგე, მთავარია ჩვენ ვიყოთ ის, ვინც ვართ და რას ვაკეთებთ. სწორედ აქ არის პროფესიონალიზმი. გერმანიამ რაც შეძლო იბრძოლა, მაგრამ დომინანტები ვიყავით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ანგარიში, არამედ ის, თუ როგორ გადავიტანდით მოედანზე იმას, რაზეც კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. მთელ რიგ ეპიზოდებში ეს შევძელით. იყო შეცდომებიც და ვეცდებით მომდევნო კვირაში კიდევ უფრო კარგი თამაში ვაჩვენოთ.

12 ქულა მივიღეთ, რაც პატარა ამოვარდნების შედეგები იყო. დისციპლინა მხოლოდ წესის დარღვევა არაა, ესაა გეგმიდან ამოვარდნაც და რამდენჯერმე სწორედ ასე დაგვემართა, ოდნავ უსისტემოდ ვითამაშეთ, მობილიზაცია არასაკმარისი იყო და შედეგიც სახეზეა. სასაყვედურო არავისთან არაფერია, რადგან როდესაც ასე დომინირებ, რთულია ბოლომდე სისტემაში დარჩე. გავიტანეთ ლამაზი ლელოები, კარგი გარღვევები, გადაწყვეტილებები და შესრულება გვქონდა, რისთვისაც მადლობა ბიჭებს.

ჩვენი მთავარი მოცემულობა იყო, რომ შანსი მიგვეცა დებიუტანტებისთვის, ასევე მეტი სათამაშო დრო მთელი რიგი მოთამაშეებისთვის. მივიღეთ რისკიანი გადაწყვეტილებებიც. თამაშის დასრულებამდე 30 წუთით ადრე ყველა შეცვლა გამოვიყენეთ, რაც ერთგვარი რისკი იყო. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვინმე დაშავებულიყო და მოედანზე კაცნაკლული დავრჩებოდით, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით. მთლიანობაში, დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა მათ მივულოცო პირველი სანაკრებო კეპი. ასევე ლაშა მალაღურაძეს ვულოცავ მე-100 კეპს, რაც ძალიან დიდი მიღწევა და ბედნიერებაა, რისი შანსიც ყველას არ აქვს.

რამდენიმე ლიმიტირებული მოთამაშე გვყავდა, რომელთაც ტრავმები ჰქონდათ. ჩვენთვის მორაგბეთა ჯანმრთელობის ფასი არაფერია. სულ რომ თამაში წავაგოთ, გამოუჯანმრთელებელ მოთამაშეს მოედანზე არ გავიყვანთ. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს წლის განმავლობაში საკმარისი სათამაშო დრო აქვს და დასვენების საშუალება მივეცით. მათი ნაწილი ნიდერლანდებთან, ნაწილი კი ესპანეთთან დაგვემატება. რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, კარგად გვახსოვს, რომ წლების წინ, დაუფასებლობის გამო მათთან თამაში გაგვიჭირდა და იგივეს გამეორებას არ ვაპირებთ. მათთან შეხვედრა შემდეგი ნაბიჯია“.

ბექა საღინაძე: „მადლობა მოწინააღმდეგეს ბრძოლისთვის, ჩვენს გუნდს კარგი თამაშისთვის და მაყურებელს მობრძანებისა და ქომაგობისთვის. ჩემი კაპიტნობა მოულოდნელი იყო. თამაშამდე ორი დღით ადრე ასეთი დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ვეცადე სწორად მივყოლოდი იმ მოცემულობას, რაც მერაბ შარიქაძემ და ბექა გორგაძემ დანერგეს. რაც შეეხება თამაშს, გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, თუმცა მთიანობაში 2023 წელი კარგ ნოტაზე გავხსენით. ბიჭებმა ვიცოდით რას აპირებდა ნოდარ ჭეიშვილი და გუშინ პატარა რეპეტიციაც გავიარეთ. მთელი გუნდის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ ნოდარს დაოჯახებას და ვუსურვებ ბედნიერებას თავის მეორე ნახევართან ერთად“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 თებერვალს, სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარებს.

0.120878