პარიზის გრანდ სლემი საქართველომ მედლით დაასრულა. 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლის დაუფლება მოახერხა.
მაისურაძემ ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი, ბელგიელი სამი ჩოუჩი და თურქი მიჰაელ ზგანკი დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მურად ფატიევს გაეჯიბრა, რომელთანაც წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ჩეხ დავიდ კრამერტს შეხვდა და იპონით მისი დამარცხებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღესვე ოქროს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, თუმცა რამდენიმე ქართველი უმედლოდ დარჩა: 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ასპარეზობა ემირატების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევთან შეხვედრით დაიწყო, რომელიც წააგო და გრანდ სლემს დაემშვიდობა. ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილმა კუბელი ლიესტერ კარდონა და ყაზახი ნურლიხან შარხანი დაამარცხა, მაგრამ მესამე წრეში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან წააგო და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა.
90 კგ წონაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა იასპარეზა, რომელიც საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, მაგრამ პირველივე ბრძოლა წააგო ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგიაპ ჰამბოსთან და უმედლოდ დარჩა.
+100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა, მაგრამ ორივე უმედლოდ დარჩა. გურამ თუშიშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო იაპონელ ჰიოგა ოტასთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. საბა ინანეიშვილმა ასევე პირველი ბრძოლა დათმო უზბეკ ალიშე იუსუპოვთან და ისიც უმედლოდ დარჩა.ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა ელისო სისაურს, მაგრამ ის ტურნირზე არ გამოცხადებულა.
ამრიგად, საქართველომ პარიზის გრანდ სლემი, სადაც 12 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, 3 მედლით დაასრულა: მაისურაძის ბრინჯაოს გარდა, ლაშა შავდათუაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.