ფეხბურთი

17:22 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი კვარაშოუ სერია A-ში: ხვიჩას გოლი და საგოლე პასი "სპეციასთან"

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სპეცია“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი და მისი გუნდი „სპეციასთვის“ შეუჩერებელი გახდა, რაც შედეგშიც აისახა. ანგარიში 47-ე წუთზე გაიხსნა და თავი კვარამ გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის კარში პენალტი ზუსტად დაარტყა.

68-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, ხოლო 5 წუთის შემდეგ კვარაცხელიას დუბლის შესრულება შეეძლო, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არ დაარტყა, რადგან უკეთეს პოზიციაში მყოფ ოსიმენს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ოსიმენი 16 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩას მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს, უშუალოდ სერია A-ში კი, 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი გამოიმუშავა - სტატისტიკა დიდებულია. აღსანიშნავია, რომ თუ ოსიმენი სერია A-ში გოლებით ლიდერობს, საგოლე პასებით (9) პირველ ადგილზე კვარაცხელიაა. ქართველი "სპეციასთან" 74-ე წუთზე შეცვალეს.

საინტერესოა, რომ ტოპჩემპიონატებში (სერია A, პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1) მოთამაშე ფეხბურთელებიდან კვარას გარდა, მხოლოდ ნეიმარს, ლიონელ მესის, რანდალ კოლო მუანისა და სერჟ გნაბრის აქვთ ყველა ტურნირზე მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი თავიანთ აქტივში.

„ნაპოლის“ 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. უახლოეს მდევარ „ინტერს“, რომელიც დღეს „მილანს“ შეხვდება, „აძურისთან“ 16-ქულიანი ჩამორჩენა აქვს, მომდევნო ტურში 12 თებერვალს კი ნეაპოლელთა მეტოქე „სტადიო მარადონაზე“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იქნება.

0.077729