ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურში თად მაკფადენის „მურსია“ „ბეტისს“ ესტუმრა და დამარცხდა, თუმცა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა კარგად ითამაშა.
თად მაკფადენმა პარკეტზე 28:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და ამ მაჩვენებლებით ის თავის გუნდში ტრევის ტრაისთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მაკფადენმა 9-დან 4 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ნატურალიზებული ქართველის კარგი თამაშის მიუხედავად, მისი „მურსია“ მეტოქესთან 84:71 დამარცხდა.
„ბეტისის“ შემადგენლობაში საუკეთესო ბი ჯეი ჯონსონი იყო, რომელსაც მხოლოდ 12 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, თუმცა სევილიელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი, რატი ანდრონიკაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
დღევანდელი მარცხის შემდგომ, „მურსიას“ ესპანეთის ჩემპიონატში 8 მოგება და 11 წაგება დაუგროვდა და მე-12 ადგილს იკავებს.
მომდევნო მატჩს მაკფადენის გუნდი 7 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ გამართავს, ლიგა ენდესაში კი 12 თებერვალს „რეალ მადრიდს“ დაუპირისპირდება.