გენუის „სამპდორიას“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და გაკოტრების საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
კლუბის ხელმძღვანელობამ 16 თებერვლამდე უნდა მოიპოვოს ფინანსური სახსრები და ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებები გაუსტუმროს. საქმე ეხება 10 მილიონ ევროს. წინააღმდეგ შემთხვევაში „სამპას“ სატურნირო ცხრილში ქულებს დააკლებენ.
თუმცა, ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, გენუურ კლუბს ემუქრება: უკვე გაკოტრებაზე აქტიურად საუბრობენ, რაც გამორიცხული არაა. გაკოტრების შემთხვევაში „სამპდორიას“ სამოყვარულო ლიგაში თამაში მოუწევს და ელიტაში დაბრუნებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ გენუის „სამპდორია“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ 9 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 9 ქულით ჩამორჩება.