„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა რაფაელ ვარანმა სანაკრებო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ განცხადება ფეხბურთელმა თავად გააკეთა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
„რამდენიმე თვეა ამაზე ვფიქრობ და საერთაშორისო კარიერის დასრულებისთვის შესაფერისი დროა. ბავშვობაში მახსოვს 1998 წლის საფრანგეთის ნაკრები, ის გუნდი, ის ფეხბურთელები, რომლებმაც დაუვიწყარი ემოციები მოგვანიჭეს. ვოცნებობდი იმავეზე და 20 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი გავიარე, რითაც ძალიან ვამაყობ, სახლში მსოფლიო თასი წამოვიღეთ, ეს არასდროს დამავიწყდება.
ბოლო მუნდიალის ფინალის წაგების მერეც კი, თქვენ სამშობლოში ისე მიგვიღეთ, როგორც გმირები. ყველა თქვენგანს დიდი მადლობა! რა თქმა უნდა, მომენატრება ეს მომენტები, მაგრამ სწორია მომავალი თაობისთვის ადგილის დათმობა. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც მზად არიან ითამაშონ და შანსს იმსახურებენ. 10 წლის განმავლობაში ჩვენი დიდი ქვეყნის წარმოდგენა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო“, - დაწერა ვარანმა.
შეგახსენებთ, 29 წლის რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობდა და 93 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ის „მამლების“ მაისურით მსოფლიოს ჩემპიონი და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.