„აუდი“ რომ ფორმულა 1-ში დებიუტს გეგმავს, ეს გასულ ზაფხულში გავიგეთ. ისიც ცნობილია, რომ ის „ზაუბერის“ პარტნიორი იქნება და თავის გუნდს მის ბაზაზე შექმნის. მათი თანამშრომლობა ძრავების მიწოდებით, 2026 წლის სეზონიდან დაიწყება.
„ზაუბერი“ მომავალ სეზონშიც „ალფა რომეოს“ სახელით იასპარეზებს. თუმცა ამის შემდეგაც, „აუდის“ ძრავების მიღებამდე, კვლავ „ფერარის“ ძრავებით ისარგებლებს.
რაც მთავარია, გერმანული კომპანია შვეიცარიული საჯინიბოს თანამფლობელი ხდება. მან უკვე შეისყიდა „ზაუბერის“ აქციების მინორული პაკეტი, რის შესახებაც დღეს გამოცხადდა. შესყიდვის მოცულობა არ დაკონკრეტებულა. „აუდი“ თავისი პარტნიორის აქციების შესყიდვას მომავალშიც გააგრძელებს.
ამ ეტაპზე, „აუდი“ თავის ბავარიულ ბაზას აფართოებს, რომელიც ქალაქ ნოიბერგში მდებარეობს. სწორედ აქ იყო ბაზირებული გერმანული კომპანიის ლე მანის გუნდი, რომელიც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე, წლების განმავლობაში დომინირებდა.
„ზაუბერი“ შვეიცარიის ჰინვილში დარჩება, სადაც შასის წარმოება და აეროდინამიკური ტესტები გაგრძელდება. სწორედ აქაა უმაღლესი კლასის აეროდინამიკური მილი, რომელიც წლების წინ, „ბეემვეს“ ფულით და მონაწილეობით აიგო.