ფეხბურთი

1:52 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ საგოლე პასი გააკეთა, "ნაპოლიმ" ისევ მოიგო

„ნაპოლი“ სერია A-ში ტემპს არ აგდებს და კონკურენტებს მიახლოების საშუალებას არ აძლევს, თუ შეიძლება რომელიმეს კონკურენტი ვუწოდოთ.

სერია A-ს მეოცე ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდმა „რომა“ 2:1 დაამარცხა და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. რაც მთავარია, ორკვირიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და საგოლე პასიც მიითვალა.

მე-17 წუთზე კვარას ჩაწოდების შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ნიგერიელმა ფორვარდმა დიდებულად ითამაშა და გოლი დიდწილად მისი დამსახურებაა, მისი მოქმედება მართლაც ბრწყინვალე იყო. ხვიჩას მანამდე შეეძლო გატანა, მეხუთე წუთზე რუი პატრისიუმ რთული დარტყმა მოიგერია. მეორე ტაიმის სტარტზე კი კვარამ ბურთი ვერ გააჩერა ძალიან მაგარ პოზიციაში, საიდანაც გატანას ალბათ უთუოდ მოახერხებდა.

ხვიჩამ მოედანი 69-ე წუთზე დატოვა, როცა „ნაპოლი“ 1:0-ს იგებდა, მაგრამ 6 წუთში ანგარიში გათანაბრდა. სტეფან ელ შაარავიმ ახლო მანძილიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ცოტა ხანში ლუჩანო სპალეტიმ ოსიმენი ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა და ეს გადამწყვეტი ნაბიჯი გამოდგა, რადგან 86-ე წუთზე არგენტინელმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ნაპოლიმ“ ამ მოგებით 53 ქულა დააგროვა და „ინტერს“, რომელიც მეორე ადგილზეა, 13 ქულით უსწრებს, რაც სოლიდური ფორაა. ნეაპოლელები 5 თებერვალს, სტუმრად „სპეციას“ შეხვდებიან.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 21 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა, 11 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ – „რომა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ოსიმენი (17), 1:1 ელ შაარავი (75), 2:1 სიმეონე (86)

0.135467