სხვა

15:10 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვა: "ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით ასპარეზობა"

ანასტასია გუბანოვამ საქართველოს ფიგურულ ციგურაობაში ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

20 წლის სპორტსმენმა WORLDSPORT.GE-სთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან გვითხრა, მისთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით ასპარეზობა და დაუჯერებელი ემოცია განიცადა.

„დიდი მადლობა მოლოცვისთვის, დაუჯერებელი ემოცია განვიცადე. მედლის მოპოვება ძალიან რთული იყო, თუმცა მიხარია, რომ შევძელით. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით გამოსვლა, რადგან მონაწილეობის მიღება და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება ასეთ დიდ ტურნირებზე მიწევს. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩვენს ქვეყანას ასეთი მედლები მოვუტანო.

შემდეგი ტურნირი უკვე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. რა თქმა უნდა, იქ მედლის მოპოვება ძალიან გამიხარდება, თუმცა მინდა სუფთად ვისრიალო და ჩემი პროგრამით კმაყოფილი ვიყო.

ევროპის ჩემპიონატი ძალიან მასშტაბური და ემოციური იყო. იმ ემოციებს, რომლებიც გუშინ თავისუფალი პროგრამის შემდეგ გამოვცადე, უბრალოდ ვერ აღვწერ. მადლობა ყველა მწვრთნელს, მთელს გუნდს, დელეგაციას, გულშემატკივრებს, ოჯახს. როდესაც ყველაფერი გამოგდის, ამის აღწერა შეუძლებელია.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს. ყველა მილოცვა მივიღე, წავიკითხე, ვნახე. ეს ძალიან სასიამოვნოა და თქვენს მხარდაჭერას ვაფასებ, ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა“, - გვითხრა გუბანოვამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიაში ეს პირველი ოქროს მედალია ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე. 20 წლის ანასტასიას ჩემპიონობამდე საუკეთესო შედეგი ბრინჯაოს მედალი იყო, რომლებიც ელენე გედევანიშვილმა (ორჯერ) და მორის ყვითელაშვილის ანგარიშზეა.

0.112521