ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე, სპორტულ ცეკვებში გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ღირსეულად იასპარეზეს და თავიანთი გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულეს.
ქართულმა წყვილმა 2 პროგრამის ჯამში 175,82 ქულა დააგროვა და ათეულში მყოფ გერმანიისა და უნგრეთის წყვილებს აჯობა. ეს საუკეთესო შედეგია უფროსების კატეგორიაში მათ მიერ ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეულ შედეგებს შორის.
ევროპის ჩემპიონები იტალიელები, შარლინ გინარდი და მარკო ფაბრი გახდნენ 210.44 ქულით. მეორე და მესამე ადგილები კი დიდი ბრიტანეთის და ფინეთის წარმომადგენლებმა დაიკავეს.
გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილის წარმატება ნიშნავს იმას, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს, პირველად, 2 წყვილის წარდგენის უფლება ექნება სპორტული ცეკვების კატეგორიაში.
შეგახსენებთ, რომ ამავე ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ დღეს საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა.