რაგბი

17:39 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ჯგუფური ეტაპისთვის

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ახალი ფორმატი

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა და მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად „ა“ ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, „ბ“ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. ბორჯღალოსნები 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე“ (13 საათი) მასპინძლობენ; 11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან (16:15 საქ. დრო), 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან (22:00).

თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის და „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, „ბ“ ჯგუფის გამარჯვებული კი „ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანს. ჯგუფში მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ნახევარფინალები 4-5 მარტს, ხოლო ფინალები 18-19 მარტს შედგება და გუნდები საბოლოო ადგილებს გადაინაწილებენ.

სამი დებიუტანტი და გამოცდილი რაზმი

რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის ლევან მაისაშვილმა 36 მორაგბეს უხმო – 17-ს ხაზში და 19-ს შერკინებაში. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

გაფართოებულ რაზმშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 99 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და თუ რომელიმე თამაშში მიიღებს მონაწილეობას, მეხუთე ქართველი ცენტურიონი გახდება დავით კაჭარავას (122 კეპი), მერაბ კვირიკაშვილის (115), სანდრო თოდუას (103) და გიორგი ჩხაიძის (100) შემდეგ.

მალაღურაძემ ბორჯღალოსნების კვართით პირველად 2008 წელს, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშა, 99-ე შეხვედრა კი 2020 წლის მარტში ასევე პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა. მალევე ის ცენტურიონი გახდებოდა, რომ არა კოვიდ-პანდემია, რომელმაც საერთაშორისო რაგბი 1,5 წლით დააპაუზა. მას შემდეგ 3 წელი გავიდა და ლაშას კვლავ უხმეს გაფართოებულ რაზმში.

გუნდში სამი დებიუტანტია – ‘სტად ფრანსეს’ 19 წლის ბურჯი სერგო აბრამიშვილი, ‘შავი ლომის’ კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ფრთა ოთარ ლაშხი. აბრამიშვილი წელს პარიზული კლუბის პირველ გუნდში დაწინაურდა (2 თამაში ტოპ 14-ში, 3 ჩელენჯ თასზე) და ნაკრებშიც უხმეს, ზამთარაძე და ლაშხი კი ადრეც იყვნენ გაფართოებულ რაზმში, თუმცა ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო, მათი დებიუტი ჯერ ვერ შედგა.

ტრავმით გამოწვეული 1-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ‘სტად ფრანსეს’ შემადგენლობაშიც გამოჩნდა, ჩელენჯ თასზე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ლელოც გაიტანა.

მთლიანობაში, გაფართოებული რაზმი გამოცდილი და შედარებით ახალბედა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. სამი დებიუტანტის გარდა, მასში 8 ისეთი მოთამაშეა რომელთაც 10-ზე ნაკლები კეპი აქვთ. ესენი არიან ბურჯები – ნიკა აბულაძე, გურამ პაპიძე და ვახტანგ აბდალაძე; მეორეხაზელები – ლადო ჩაჩანიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი; ღერძი – მიხეილ ალანია და ლუკა მატკავა და ცენტრი თორნიკე კახოიძე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 ჯგუფური ეტაპი. 4-19 თებერვალი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30 კეპი, 10 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26 კეპი, 20 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 60 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 41 კეპი, 27 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი); ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 43 კეპი, 25 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103 კეპი, 80 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17 კეპი, 33 ქულა).

საქართველო – გერმანია (5 თებერვალი)

ნიდერლანდები – საქართველო (11 თებერვალი)

ესპანეთი – საქართველო (18 თებერვალი)

RUGBY.GE

0.141852