რაგბი

14:00 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლადო კილასონია - 20-წლამდელთა ჩემპიონატის აღდგენაზე, ნაცნობ გარემოზე და მეტოქეებზე

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ივნის-ივლისში სამხრეთ აფრიკაში ბრუნდება.

„ეს სასიხარულო სიახლეა, რადგან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის. სწორედ აქ დგამენ მომავალი სუპერ-ვარსკვლავები საერთაშორისო რაგბიში პირველ ნაბიჯებს. თუ გადავხედავთ ბოლო წლების მონაცემებს, ახალგაზრდული გუნდიდან უამრავმა მორაგბემ შეავსო საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგები, რამაც ქართულ რაგბს დიდი ბიძგი მისცა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭები თავიანთ ასაკში ეჩვევიან ტიერ1-ის გუნდებთან გამარჯვებებს, ისეთებთან, როგორებიც არიან ირლანდია, შოტლანდია, არგენტინა, იტალია და სხვა. გარდა ამისა, იძენენ მაღალ დონეზე თამაშისთვის საჭირო გამოცდილებას და ეზიარებიან საერთაშორისო რაგბს“ – ამბობს კილასონია და განაგრძობს:

„ტურნირს სამხრეთ აფრიკა მასპინძლობს, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გარემოა, რადგან იქ ზედიზედ რამდენიმე წელი ჩავდიოდით გაზაფხულის ტურნირის სათამაშოდ. სამხრეთ აფრიკა დიდი სარაგბო კულტურის მატარებელი ქვეყანაა. იქ რაგბი ყველამ კარგად იცის, უყვართ და დარწმუნებული ვარ დიდი სიხარულით ელიან ჩემპიონატის დაწყებას. სამხრეთ აფრიკაში მრავლად გვყავს მეგობრები, გვაქვს კონტაქტები, რაც მსგავსი ტურნირების დროს დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს“.

უმცროსი ბორჯღალოსნები „გ“ ჯგუფში მასინძელ სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასთან და იტალიასთან ითამაშებენ, ფლეი ოფში კი დაკავებული ადგილის მიხედვით გავლენ. 24 ივნისს საქართველოს მეტოქე სამხრეთ აფრიკა იქნება, 29-ში არგენტინა, ჯგუფურ ეტაპს კი 4 ივლისს, იტალიასთან ჯახით დავასრულებთ.

„სამხრეთ აფრიკა ტრადიციულად ძლიერი გუნდია. ასევე ძლიერი, სწრაფი და მოძრავი გუნდი ყავს არგენტინას, რომელსაც გამოცდილი სამწვრთნელო შტაბი ხელმძღვანელობს. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს იტალიას და ეს სწორედ ახალგაზრდა მორაგბეების ხარჯზე ხდება, როგორც სანაკრებო, ასევე ფრენჩაიზების დონეზე. საინტერესო ჯგუფში ვართ და რთული თამაშები გველოდება“ – აფასებს მეტოქეებს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი.

გუნდმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით უკვე გაიარა სამი სასელექციო შეკრება, ოღონდ ლეგიონერების გარეშე. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენს 20-წლამდელებში განსაკუთრებით ბევრი ლეგიონერია, რასთან დაკავშირებითაც ლადო კილასონია ამბობს:

„ფრანგულ კლუბებში 24 ახალგაზრდა მორაგბე თამაშობს და ამას თან ახლავს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები. კარგია, როდესაც ისინი მაღალ დონეზე თამაშით გამოცდილებას იძენენ, თუმცა ჩვენთან ძალიან ცოტა დროს გაატარებენ. ერთობლივ შეკრებას სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მხოლოდ 3-4 კვირით ადრე თუ დავიწყებთ, რაც სირთულეებს ქმნის, თუმცა როგორც რაგბის კავშირი, ასევე მწვრთნელები, ვცდილობთ ისე დავგეგმოთ ჩვენი მოსამზადებელი ეტაპი, რომ გუნდის შესაკვრელად მაქსიმალურად მეტი დრო გვქონდეს“.

RUGBY.GE

0.11961