„ვალენსიას“ ძალიან ცუდი სეზონი აქვს და ესპანეთის თასსაც გამოეთიშა. ჯენარო გატუზოს გუნდი მეოთხედფინალში ბილბაოს „ატლეტიკთან“ საკუთარ მოედანზე პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა.
ბასკები 35-ე წუთზე იკერ მუნიაინმა დააწინაურა და 8 წუთში ოსკარ დე მარკოსის ავტოგოლით „ღამურებმა“ გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმი მაინც წააგეს, რადგან ორ წუთში ნიკო ვილიამსმა გაიტანა და „ბილბაო“ ისევ დაწინაურდა. 74-ე წუთზე მიკელ ვესგამ გიორგი მამარდაშვილის კარში მესამე გოლი გაიტანა, ამჯერად პენალტით. უნდა აღინიშნოს, რომ გაშვებულ გოლებში ქართველ მეკარეს ბრალი არ მიუძღვის - ვალენსიელთა დაცვა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ბილბაოს“ კარში ზუსტად მეტჯერ არ დაურტყამს და მამარდაშვილმაც თამაში მოგერიების გარეშე დაასრულა.
ამრიგად, „ვალენსია“ ესპანეთის თასისთვის და ევროპა ლიგაზე ამ გზით გასასვლელად ვერ იბრძოლებს. ლა ლიგიდან კი ძალიან გაუჭირდება ევროთასებზე გასვლა, უფრო მეტიც, გადარჩენისთვის ბრძოლა უფრო მოუწევს, რადგან ამ დროისთვის გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.
აქვე გეტყვით, რომ "ბილბაო" ესპანეთის თასის ნახევარფინალშია, ისევე, როგორც "ბარსელონა", "რეალი" და პამპლონას "ოსასუნა".