„ტოტენჰემის“ შემტევი, ჰარი კეინი ლონდონურ კლუბში კმაყოფილია და აპირებს კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რადგან „სპურსთან“ ერთად ტიტულების მოპოვება სურს.
ჰარი კეინს „დეზებთან“ კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება, თუმცა The Athletic-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ის გუნდთან ახალ კონტრაქტზე დაიწყებს მოლაპარაკებებს. მასსა და „ტოტენჰემს“ შორის ამ საკითხზე საუბარი 2021 წლის შემდეგ არ ყოფილა.
ინგლისის ნაკრების ფორვარდი რამდენიმე ტოპ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ის „ტოტენჰემში“ ყოფნით ბედნიერია და აცხადებს, რომ კლუბთან ერთად ტიტულების მოსაპოვებლად იბრძვის.
მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ FA CUP-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ აგრძელებს ბრძოლას, ინგლისის პრემიერლიგაში კი მე-5 ადგილზე იმყოფება.
ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ მაისური 414-ჯერ მოირგო და 265 გოლი გაიტანა. მას ლეგენდარული ჯიმი გრივზის რეკორდის დასამხობად მხოლოდ 1 გოლი ესაჭიროება.